пятница, 11 октября 2013 г.

მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემა




თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. რეგულირების საგანი და რეგულირების სფერო
1. მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემა (შემდგომში – სქემა) აერთიანებს მასწავლებლობის უფლების განახლებისათვის აუცილებელ გზებსა და საშუალებებს, რაც განსაზღვრულია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 217 მუხლის მიხედვით (მასწავლებლის პროფესიული განვითარება).
2. სქემა განსაზღვრავს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში (შემდგომში – ცენტრი) მასწავლებლის სქემაში ჩართვას, მასწავლებლობის უფლების განახლებისა და მასწავლებლის კატეგორიის მინიჭების სავალდებულო კრედიტების ოდენობასა და მათი დაგროვების შესაძლებლობებს.
3. სქემის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მოქალაქე, უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელზე, რომელიც სერტიფიცირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 2. სქემის მიზანი
სქემის მიზანია ხელი შეუწყოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, მასწავლებლის კომპეტენციის ამაღლებას, მის პროფესიულ განვითარებას და კარიერულ ზრდას.
მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
სქემაში გამოყენებულ ტერმინებს ამ სქემის მიზნებისთვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
1. სქემაში ჩართული მასწავლებლის გეგმა – მასწავლებლის მიერ ინდივიდუალურად შექმნილი და წერილობითი ფორმით შემუშავებული აქტივობების გეგმა, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს სკოლის დირექტორი.
2. სქემაში ჩართული მასწავლებლის პორტფოლიო – სქემაში ჩართული მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და აკადემიური საქმიანობების ამსახველი დოკუმენტაციის კრებული.
3. კრედიტი – აკადემიური და პროფესიული მიღწევების გაზომვისა და შეფასების ერთეული.
4. მონიტორინგის მობილური ჯგუფი – ცენტრის მონიტორინგის მობილური ჯგუფი ახორციელებს სქემაში ჩართულობის პროცესის მონიტორინგს. ჯგუფის წევრები განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე;
5. საიდენტიფიკაციო კომისია – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან არსებული კომისია, რომლის შემადგენლობას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ადგენს და თავმჯდომარეობს ცენტრის დირექტორი.
6. რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირი – რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირი არის საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომელი რომლის კომპეტენციას განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).

თავი II
სქემაში ჩართვის რეგისტრაცია
მუხლი 4. მასწავლებლის სქემაში ჩართვის რეგისტრაცია
1. მასწავლებლის სქემაში რეგისტრაცია მოიცავს მასწავლებელთა რეგისტრაციას სამინისტროს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი განათლების სამინისტროების ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში (შემდგომში – რესურსცენტრი).
2. სქემაში ჩართვის მიზნით მასწავლებელი რესურსცენტრში სქემაში რეგისტრაციაზე პასუხისმგებელ პირს წარუდგენს ცენტრის დირექტორის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული განაცხადის ფორმას.
3. სქემაში ჩართვის რეგისტრაცია განხორციელდება ერთი თვის განმავლობაში წელიწადში ორჯერ, ყოველი წლის ოქტომბერსა და აპრილში. რეგისტრაციის თარიღი და პირობები განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
4. სქემაში რეგისტრაციაზე პასუხისმგებელ პირს ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განაცხადის ფორმაში მითითებული მონაცემები შეჰყავს მასწავლებელთა რეგისტრაციის მართვის საინფორმაციო სისტემაში.
5. სქემაში რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირი ანგარიშვალდებულია ცენტრის წინაშე და საჭიროების შემთხვევაში აწვდის მას წერილობით ინფორმაციას სქემაში ჩართული მასწავლებლის შესახებ.
თავი III
მასწავლებლის პროფესიული განვითარების კატეგორიები და კრედიტები
მუხლი 5. მასწავლებლობის უფლების განახლება
მასწავლებლობის უფლების განახლებისა და კრედიტების დაგროვების გზებია:
ა) სასერტიფიკაციო გამოცდა;
ბ) კრედიტების დაგროვება.
გ) ამ მუხლის „ა“ და „ბ“ ქვებუნქტების კომპონენტების კომბინაცია.
მუხლი 6. სერტიფიცირებული მასწავლებლის კატეგორიები
1. სქემის მიხედვით განსაზღვრულია მასწავლებლის სამი კატეგორია:
ა) სერტიფიცირებული მასწავლებელი,
ბ) პირველი კატეგორიის მასწავლებელი,
გ) უმაღლესი კატეგორიის მასწავლებელი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ყველა კატეგორიის მასწავლებელი შესაძლებელია იყოს მენტორი.
3. 8 წლის მანძილზე მასწავლებელს შეუძლია სქემაში ჩართულობის შედეგად მხოლოდ ერთი კატეგორიით დაწინაურება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი უფლებამოსილია სერტიფიცირებულ, ღვაწმოსილ და დამსახურებულ პედაგოგს

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ვადაზე ადრე მიანიჭოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული კატეგორია.
4. კატეგორიის მინიჭება განისაზღვრება სქემით დადგენილი წესის შესაბამისად.
5. სქემის მიხედვით მასწავლებლის თითოეული კატეგორიის მოსაპოვებლად საჭიროა შემდეგი რაოდენობის კრედიტების მოპოვება:
ა) სერტიფიცირებული მასწავლებელი – 21 კრედიტი,
ბ) პირველი კატეგორიის მასწავლებელი – 32 კრედიტი,
გ) უმაღლესი კატეგორიის მასწავლებელი – 42 კრედიტი,
6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი უფლებამოსილია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემით განსაზღვრული კატეგორია მიანიჭოს ვადაზე ადრე ღვაწმოსილ მასწავლებელს.
მუხლი 7. კრედიტების დაგროვების პროცედურა სქემაში მოცემული აქტივობების მიხედვით
1. მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდის წარმატებით დაძლევისა და მასწავლებლობის უფლების მოპოვებისას მასწავლებელი იღებს 21 კრედიტს და მას ენიჭება სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსი.
2. მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდის თითოეული ნაწილი ფასდება 10,5 – 10,5 კრედიტით.
3. სერტიფიცირებული მასწავლებელი 32 კრედიტის დაგროვების შემთხვევაში იღებს პირველი კატეგორიის მასწავლებლის სტატუსს.
4. პირველი კატეგორიის მასწავლებელი 42 კრედიტის დაგროვების შემთხვევაში იღებს უმაღლესი კატეგორიის მასწავლებლის სტატუსს.
5. მოპოვებული კატეგორიის შესანარჩუნებლად მასწავლებელმა უნდა დააგროვოს კატეგორიის შესაბამისი რაოდენობის კრედიტები.
6. მასწავლებლის თითოეული კატეგორიის კრედიტების მიღწევის შემდეგ კრედიტების ათვლა იწყება თავიდან.
7. კატეგორიისათვის საჭიროზე ნაკლები რაოდენობის კრედიტების დაგროვების შემთხვევაში მასწავლებელი კარგავს კატეგორიას და ჩამოქვეითდება ერთი კატეგორიით.
8. 21-ზე ნაკლები კრედიტების დაგროვების შემთხვევაში მასწავლებელი კარგავს სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსს ან ჩააბარებს გამოცდის მხოლოდ ერთ ნაწილს - საგნობრივ გამოცდას.
თავი IV
მასწავლებლის სერტიფიკატის განახლების პროცედურა, კატეგორიის მინიჭებისა და ჩამორთმევის წესი, ვადები
მუხლი 8. პროცესის მონიტორინგი
1. ცენტრის მონიტორინგის მობილური ჯგუფი ახორციელებს მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულობის პროცესის მონიტორინგს;
2. მონიტორინგის ჯგუფის სამოქმედო გეგმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ბრძანებით;
3. მონიტორინგის მობილური ჯგუფი სქემაში ჩართული მასწავლებლების მონიტორინგს აწარმოებს შერჩევითობის პრინციპით.

4. მონიტორინგის მობილური ჯგუფი მოქმედებს ცენტრის დირექტორის დავალებით და მასწავლებელზე შემოსული ინფორმაციის საფუძველზე მონიტორინგის ჯგუფის გეგმაში შეაქვს ცვლილებები;
5. მონიტორინგის მობილური ჯგუფის ხელმძღვანელი, სამ თვეში ერთხელ, ცენტრს წარუდგენს გეგმის შესრულების ანგარიშსა და სქემაში ჩართულ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროცესის ანალიზს.
6. მონიტორინგის შედეგებზე მზადდება დასკვნა, რომელიც შეიცავს სქემაში ჩართული თითოეული მასწავლებლის საქმიანობის აღწერილობას, პროცესის ზოგად მიმოხილვასა და რეკომენდაციულ ნაწილს, რომელიც შეტანილ უნდა იქნეს საინფორმაციო ბაზაში.
7. დასკვნის წარმოდგენის შემდეგ ცენტრის დირექტორი პროცესის გაუმჯობესების მიზნით იძლევა რეკომენდაციებს სქემაში ჩართული მასწავლებლებისთვის.
მუხლი 9. საიდენტიფიკაციო კომისია
1. საიდენტიფიკაციო კომისია მონიტორინგის ანგარიშის და პორტფოლიოს საფუძველზე აღიარებს და ანიჭებს კრედიტებს და განსაზღვრავს მასწავლებლის კატეგორიას.
2. საიდენტიფიკაციო კომისია იკრიბება საჭიროების შემთხვევაში, ცენტრის დირექტორის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის პორტფოლიოს შუალედური და საბოლოო განხილვის მიზნით.
მუხლი 10. სქემაში ჩართული მასწავლებლის სერტიფიკატის განახლების, კატეგორიის მინიჭების და ჩამორთმევის ვადები
1. საინდენტიფიკაციო კომისიის მიერ მასწავლებლის პორტფოლიოს საბოლოო განხილვის შედეგად, მასწავლებლის სერტიფიკატის ვადის ამოწურვამდე სულ მცირე შვიდი თვით ადრე ცენტრი აცნობებს სქემაში ჩართულ მასწავლებელს მის მიერ მასწავლებლის სერტიფიკატის მიღებიდან შვიდი წლის განმავლობაში დაგროვილი კრედიტების რაოდენობის შესახებ.
2. სქემაში ჩართული მასწავლებლისთვის მასწავლებლის სერტიფიკატის განახლების, კატეგორიის მინიჭების და კატეგორიის ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ყოველი წლის სექტემბერში.
თავი V
აქტივობები და მათი შესაბამისი კრედიტები
მუხლი 11. აქტივობები და მათი შესაბამისი კრედიტები
პროფესიული და კარიერული ზრდის საფეხურების გავლისათვის მასწავლებელმა 7 წლის განმავლობაში უნდა გაიაროს შემდეგი აქტივობებიდან მინიმუმ 7 სხვადასხვა აქტივობა:
ა) სამინისტროსა და ცენტრის ორგანიზებით განხორციელებული ტრენინგი
ბ) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით აკრედიტებული ტრენინგ-პროგრამები – მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის ძირითად და საგნობრივი ნაწილით გათვალისწინებული კომპეტენციების განვითარება;

გ) ტრენინგ-პროგრამები აღიარებული საერთაშორისო ორგანიზაციების ან აკრედიტებული სხვა ქვეყნის შესაბამისი სამსახურების მიერ – მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის ძირითადი და საგნობრივი ნაწილით გათვალისწინებული კომპეტენციების განვითარება;
დ) სასკოლო ან მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს ავტორობა/თანაავტორობა – სახელმწიფოს მიერ გრიფირებული ან აკადემიური გამომცემლობის მიერ გამოცემული.
სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორობა;
ე) საგანმანათლებლო პროექტის ავტორობა;
ვ) საგანმანათლებლო კონფერენციები, სემინარები – მომხსენებლად მონაწილეობის მიღება – 1 კრედიტი (უნდა წარმოადგინოს დამადასტურებელი საბუთი);
ზ) საგანმანათლებლო კონფერენციები, სემინარები – მონაწილეობის მიღება – 0,5 კრედიტი (უნდა წარმოადგენოს დამადასტურებელი საბუთი);
თ) პროფესიული სტაჟირების გავლა – საგნობრივი კომპეტენციის, გამოცდილების შეძენა/გაზიარების მიზნით (ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ) – სულ მცირე 25 საათი – 1 კრედიტი (უნდა წარმოადგინოს დამადასტურებელი საბუთი);
ი) საგანმანათლებლო, პროფესიული, პედაგოგიური თემატიკის მქონე საგანმანათლებლო-პედაგოგიურ ჟურნალ – გაზეთში გამოქვეყნებული აკადემიური სახის სტატია – (7 წლის მანძილზე სულ მცირე 3 სტატია) – 2 კრედიტი;
კ) საგანმანათლებლო თემატიკასთან დაკავშირებული კვლევის ავტორობა – (7 წლის მანძილზე სულ მცირე 3 კვლევა) – 3 კრედიტი;
ლ) მენტორ-მასწავლებლად მუშაობა – 1 კრედიტი წელიწადში;
მ) მასწავლებლის მოსწავლეთა გამარჯვება მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადებში - (7 წლის მანძილზე სულ მცირე 3 გამარჯვება, ინდივიდუალური/გუნდური) – 2 კრედიტი;
ნ) მასწავლებლის მოსწავლეთა გამარჯვება მოსწავლეთა ეროვნულ ოლიმპიადებში – (7 წლის მანძილზე სულ მცირე 3 გამარჯვება, ინდივიდუალური/გუნდური,) – 1 კრედიტი;
ო) საგნობრივ კათედრაზე აქტივობები – სხვა საგნის მასწავლებელთან/მასწავლებლებთან ერთად ინტეგრირებული გაკვეთილის დაგეგმვა და ჩატარება (სულ მცირე 3 გაკვეთილი) – 1 კრედიტი, დამუშავებული თემის წარდგენა კათედრაზე, სემინარი/კონფერენცია – 1 კრედიტი (უნდა წარმოადგინონ ვიდეოჩანაწერი);
პ) პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით პრეზენტაციის მოწყობა (7 წლის მანძილზე სულ მცირე 3 პრეზენტაცია) – 1 კრედიტი (უნდა წარმოადგინონ ვიდეოჩანაწერი);
ჟ) ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში –სასწავლო ელექტრონული რესურსების შექმნა და გამოყენება:
ჟ.ა) მასწავლებელი ქმნის სასწავლო ციფრულ ობიექტებს (პრეზენტაცია, ცხრილი/შეფასების რუბრიკა, ბლოგი, მარტივი კონსტრუქტორით აწყობილი ობიექტები...) და იყენებს სასწავლო პროცესში.
ჟ.ბ) მასწავლებელი ქმნის ელექტრონულ-პორტფოლიოს და ათავსებს ინტერნეტში.
ჟ.გ) მასწავლებელი იყენებს ისტ-ს მოსწავლეებთან, მშობლებთან და კოლეგებთან კომუნიკაციისათვის – 2 კრედიტი;
რ) სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობა – სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის ადეკვატური სასწავლო გეგმის, ჯგუფური და ინდივიდუალური საკლასო/სასკოლო აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება – 2 კრედიტი;
ს) სამინისტროსა და ცენტრის ეგიდით განხორციელებულ ტრენინგებში ტრენერად მუშაობა – 3 ტრენინგი ( ერთი ტრენინგი სულ მცირე 25 საათი) -2 კრედიტი;
ტ) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით აკრედიტებული ტრენინგ-პროგრამებში ტრენერად მუშაობა - 3 ტრენინგი (ერთი ტრენინგი სულ მცირე 25 საათი) – 1 კრედიტი.

თავი VI
გარდამავალი დებულება
მუხლი 12. 2011 წლის სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგად სერტიფიცირებულ მასწავლებელთა სქემაში ჩართვა და კატეგორიები კრედიტები.
1. 2010 წლის სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგად სერტიფიცირებული მასწავლებლების სქემაში ჩართვა მოხდება სქემის ამოქმედებიდან ცენტრის დირექტორის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში.
2. 2010 წლის სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგად სერტიფიცირებული მასწავლებლებისათვის თითოეული კატეგორიის მოსაპოვებლად საჭიროა შემდეგი რაოდენობის კრედიტების მოპოვება:
ა) სერტიფიცირებული მასწავლებელი – 21 კრედიტი,
ბ) პირველი კატეგორიის მასწავლებელი – 28 კრედიტი,
გ) უმაღლესი კატეგორიის მასწავლებელი – 42 კრედიტი.